სანდრა ელისაბედ რულოვსი დაიბადა 1968 წლის 23 დეკემბერს ტერნეუზენში, ჰოლანდიაში.
1991 წელს წარჩინებით დაამთავრა ბრიუსელის თარჯიმანთა და მთარგმნელთა სახელმწიფო ეკონომიკური ინსტიტუტი ფრანგული და გერმანული ენების სპეციალობით. 1993 წელს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ინსტიტუტში სწავლის დროს მომავალ მეუღლეს მიხეილ სააკაშვილს შეხვდა, წლის ბოლოს კი, ნიუ იორკში გაემგზავრა, სადაც კოლუმბიის უნივერსიტეტში და ჰოლანდიურ იურიდიულ კომპანიაში მუშაობდა.
1996 წელს წყვილი საქართველოში დაბრუნდა, სადაც სანდრა ელისაბედ რულოვსი წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტში საზოგადოებასთან ურთიერთობის კონსულტანტად და ნიდერლანდების სამეფოს საპატიო კონსულის თანაშემწედ მუშაობდა.
1998 წელს საქველმოქმედო ფონდი SOCO (www.soco.ge) დააფუძნა, რომელიც საზოგადოების ყველაზე დაუცველი ფენების დასახმარებლად დასავლეთ ევროპული და ქართული კომპანიებისა თუ კერძო პირების მიერ დაფინანსებული პროექტების განხორციელებაზე მუშაობს.
2004 წლიდან ქალბატონმა სანდრამ დაიწყო საქართველოში მისი დიდი ხნის იდეის განხროციელება და დააფუძნა კლასიკური მუსიკის 24-საათიანი რადიო-სადგური "მუზა". რადიომ მაუწყებლობა 2007 წლის ზაფხულში დაიწყო.
2005 წლის მარტში სანდრა ელისაბედ რულოვსმა ამსტერდამში ჰოლანდიურ ენაზე ავტობიოგრაფიული წიგნი "საქართველოს პირველი ლედი - იდეალისტის ნაამბობი" გამოსცა. წიგნის ქართული თარგმანის პრეზენტაცია 2005 წლის ოქტომბერში გაიმართა, უკრაინულის კი, 2006 წლის მარტში. რუსულ ენაზე წიგნი 2007 წლის დეკემბერში გამოიცა, ხოლო თურქულზე - 2008 წლის თებერვალში, რასაც მოჰყვა ინგლისური თარგმანი 2010 წლის მაისში და პოლონური - 2011 წლის იანვარში.
2008 წლის გაზახულზე ქალბატონმა სანდრამ დაამთავრა ექთნების სამწლიანი კურსი თბილისში და რეგულარულად მუშაობს მორიგე ექთნად თბილისის ერთერთი ჰოსპიტალის სამშობიარო განყოფილებაში.
ქალბატონი სანდრას ინიციატივით საქართველოში დაიწყო ონკოლოგიური უფასო დიაგნოსტიკის პროგრამა ქალებისთვის, ის ასევე არის "შავი ზღვის ქვეყნების მკერდისა და საშვილოსნოს კიბოს პრევენციის ცოალიციის" თავმჯდომარე, ამ კოალიციაში 8 ქვეყანაა გაერთიანებული.
2001 წელს ქალბატონმა სანდრამ წამოიწყო ეროვნული კამპანია "არ იდარდო, იყავი ჯანმრთელი", რომელიც ჯანმრთელი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას ეწეოდა ქვეყნის მასშტაბით. 2012 წელს ამ კამპანიამ ევროკავშირის კომუნიკაციის DEVCO ჯილდო დამისახურა.
2011 წლის მარტში კი ქაბატონი სანდრა ევროპაში ათასწლეულის განვითარების მიზნებისთვის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კეთილი ნების ელჩი გახდა.
2011 წლის შემოდგომაზე სანდრა ელისაბედ რულოვსი გლობალური ფონდის სამეთვალყურეო საბჭოში 2012–2013 წლებში საქართველოს წარმომადგენლად აირჩიეს.
2012-2016 წლებში სწავლობდა ლონდონის ჰიგიენისა და ტროპიკული მედიცინის სკოლაში და მიიღო გლობალური ჯანდაცვის პოლიტიკის მაგისტრის ხარისხი.
მშობლიური ჰოლანდიური ენის გარდა ქალატონი სანდრა ფრლობს ფრანგულ, ინგლისურ, გერმანულ, რუსულ და ქართულ ენებს.
სანდრა რულოვსს და მიხეილ სააკაშვილს ჰყავთ ორი ვაჟიშვილი - ედუარდი (1995) და ნიკოლოზი (2005).