
#2 (7233) 25 იანვარი, 2005 წელი
ქალბატონი სანდრა რულოვსი-ხონში
საზოგადოებისთვის ცნობილია, საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მეუღლის სანდრა რულოვსის აქტიური ჰუმანიტარული საქმიანობის შესახებ, რომელიც სათავეში უდგას არასამთავრობო ჰუმანიტარულ საქველმოქმედ ორგანიზაციას ,,SOCO”-ს და აკეთებს ქვეყნის მოსახლეობის ყველაზე შეჭირვებული ფენისათვის მეტად აუცილებელ დიდ საქმეს.
როგორც ქალბატონი სანდრა თავად ხშირად აღნიშნავს, იგი თავისი არასამთავრობო სექტორით გვერდით უდგას პრეზიდენტ მეუღლეს ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში. სანდრა რულოვსი ხშირად ჩადის საქველმოქმედო ვიზიტებით საქართველოს სხვადასხვა კუთხეში და ხვდება უმწეო ადამიანებს, ახლოს ეცნობა მათ ჭირსა და ლხინს, პრობლემებს და შეძლებისდაგვარად ეხმარება საჭირო ნივთებითა თუ მედიკამენტებით.
ასე იყო ამჯერად, 13 იანვარს საახალწლოდ ქალბატონი სანდრა რულოვსი იმყოფებოდა იმერეთის მხარეში. იგი სასურველი სტუმარი გახლდათ ჩვენ რაიონში. ეს ვიზიტი დაიგეგმა არასამთავრობო საქველმოქმედო ასოციაცია ,,სათნოების სახლის” დირექტორის ქალბატონ თამარ გენძეხაძის თაოსნობით, რომლის უშუალო ძალისხმევით მოხდა, ის რომ ,,SOCO”-ს ორგანიზაცია დაინტერესებულიყო ხონში მოქმედი ,,სათნოების სახლით” და მათი ბინადარი ხანდაზმულებით, რომელთაც მეტად გულთბილი მიღება გაუმართეს ქალბატონ სანდრას თანმხლები პირებითურთ, რომლებიც საჩუქრებით ეწვივნენ მოხუცებს, ,,სათნოების სახლს” გადასცეს სამზარეულოსთვის საჭირო ნივთების, მაგიდა, სკამები და კვლავაც აღუთქვეს დახმარება. ყველა იქ მყოფი ცდილობდა განასკუთრებული გულითადობა გამოეჩინა პრეზიდენტის მეუღლის მიმართ და პირადად ეთქვათ სამადლობელი სიტყვით იქნებოდა ეს თუ პოეტური სტრიქონებით... ურთიერთსაუბრისას გადაწყდა რომ წელს ორგანიზაცია ,,სათნოების სახლში” გამოაგზავნის ექიმთა ბრიგადას საჭირო მედიკამენტებით, რაზეც პასუხისმგებლობა აიღო ორგანიზაციის წარმომადგენელმა ქალბატონამ ანა ჩაჩხუნაშვილმა, რომელიც ,,სათნოების სახლის” ხშირი სტუმარია, რისთვისაც ემადლიერებიან და ლოცავენ კიდეც მოხუცები და მართლაც, რა ცოტა რამ ახარებთ მათ გულებს და უხანგრძლივებთ სიცოცხლეს.
შეხვედრაზე სხვა გეგმებზეც იყო საუბარი, რომლის განხორციელებაშის ჰუმანიტარულ ორგანიზაციას თანადგომა აღუთქვა რაიონის გამგებელმა ბატონმა სოსო ყურაშვილმა.
და ბოლოს, სასიამოვნოა, რომ ხონელ ხანდაზმულებს საახალწლოდ ქველმოქმედებით გამორცეული ქალბატონის, პრეზიდენტის მეუღლის ხელდამშვენებული სტუმრობა დაებედათ.
ქ. კირთაძე