კლუბი რომელმაც თბილისის დინამო დაამარცხა ქართველ ბავშვებს ეხმარება
11-14 მარტს საქველმოქმედო ფონდმა ,,SOCO” თავისი მეორე საქველმოქმედო აქცია გამართა. ამჯერად ამ ფონდის დამაარსებელმა და პრეზიდენტმა სანდრა რულოვს-სააკაშვილმა ზუგდიდის, სენაკის, ქობულეთის, ქუთაისის, წყნეთისა და ვაშლიჯვრის სკოლებში სადაც აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული ბავშვები სწავლობენ, ჩაიტანა და დაარიგა 8 000 დედა ენა, საქართველოს ისტორიისა და გეოგრაფიის სახელმძღვანელოები, რუქები, სპორტული ინვენტარი. საქველმოქმედო აქციის მონაწილეები გალის რაიონის სოფელ ხურჩაშიც ჩავიდნენ, სადაც ქართული სკოლებისათვი სახელმძღვანელოების დარიგება აქვთ გათვალისწინებული. ამ აქციის ჩასატარებლად თანხა გადმოაგზავნა ჰოლანდიის ფეხბურთის კლუბმა ,,ვილიამ ტვეიმ” რომელსაც შარშან თბილისის დინამოსთან უეფას თასზე გამართული შეხვედრის შემდეგ დაუკავშირდა სანდრა რულოვს-სააკაშვილი. ჰოლანდიის გუნდმა შინაც და თბილისშიც ქართველი ფეხბურთელები 3:0 დაამარცხა, მაგრამ ამასთანავე დიდი სიმპათიით განიმსჭვალა საქართველოს მიმართ. საქართველოში მცხოვრები ლტოლვილი ბავშვების მონახულების შემეგ ფეხბურთის ამ კლუბმა გადაწყვიტა თავის მატჩებზე შეაგროვოს ქართველი ბავშვების დასახმარებელი თანხები და სანდრა რულოვს-სააკაშვილის დახმარებით დაარიგოს საქართველოში. აქციაში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა ასევე ჰოლანდიურმა საქველმოქმედო ორგანიზაციამ ,,ვაილდ გუზმა”. ამიერიდან დახმარების აქციები სისტემატურ ხასიათს მიიღებს და მოხუცებულთა და უმწეოთა დასახმარებლად იქნება გამიზნული.